დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა. დემეტრე II-ის დროს ქვეყანა კიდევ უფრო დაქვეითდა ეკონომიურად, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გამწვავდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე – კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლა. განსაკუთრებით აოხრებული იყო კახეთი და ჰერეთი. საერთო გაჭირვებას ზედ დაერთო მიწისძვრა, რომელიც მთელი თვე გაგრძელდა. მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდალურ ზედაფენებში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვევები (მრავალცოლიანობა და სხვა). დემეტრე II-ის სახელმწიფოებრივი ღონისძიებანი (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა. დემეტრე II ემშვიდობება ქართველებს. დემეტრე II იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ილხანთა სახელმწიფოში ატეხილ დინასტიურ ბრძოლებში: 1282 საქართველოს ლაშქრით ხორასანში იბრძოდა აჰმად-ყაენის (1282-1284) მხარეზე აბაღას ძის არღუნის წინააღმდეგ; 1284-იდან ახალი ყაენის არღუნის (1284-1291) მხარეზე იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრპბისა და მოყვრობის წყალობით (ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დემეტრე II-ის ასული რუსუდანი) გაძლიერდა დემეტრე II-ის ავტორიტეტი და გავლენა საქართველოში. 1288 გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი (სამეფო საბჭო) მოიწვია, რომელმაც ურჩია ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დემეტრე II დარბაზს არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ უბრალო ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. ურდოში დემეტრე II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დემეტრე II-ის მონაწილეობის საბუთები არ იყო, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ამირსპასალმა ხუტლუბუღამ, განაწყენებულმა იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა. ყაენის ბრძანებით დემეტრე II-ს თავი მოჰკვეთეს. შთამომავლობამ მას თავდადებული უწოდა.