1609 წლის ივნისში ქართლში შეიჭრა ოსმალების მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა მანგლისს. ოსმალებმა აქედან გაჭრა სცადეს სოფ. ცხირეთისაკენ (შიდა ქართლი), სადაც მეფე ლუარსაბ II ეგულებოდათ.წმინდა მღვდელლმა თევდორე კვეთელმა მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და გ. სააკაძისა და ზ. ციციშვილის სარდლობით სოფ. ნიაბის (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდ. მტკვარზე ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ მათ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფ. ბრბონასთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფ. ტაშისკართან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფ. ახალდაბასთან (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მდ. მტკვარზე გადავიდა და მოწინააღმდეგეს ახალციხისაკენ გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გ. სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გ.სააკაძემ.