ერწუხის ბრძოლა — 1104 წელს გამართული ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი საინგილო) საქართველოს ლაშქარსა და განძის ათაბაგს შორის.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებლმა თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, მაჰმადიანებს არ შეეძლოთ მშვიდად ეცქირათ, როგორ გამოაცლიდა მათ ხელიდან საქართველოს მეფე ამიერკავკასიის ერთ-ერთ მდიდარ რეგიონს, რომელიც ამასთან ერთად უაღრესად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ პლაცდარმს წარმოადგენდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს უკან დაებრუნებინათ კახეთ-ჰერეთი. სელჩუკთა სულთანმა „ურიხვნის სპანი“ შეკრიბა, რომელიც რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ქართველებს. მოწინააღმდეგის ლაშქარში იბრძოდნენ აგრეთვე „ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა“. როგორც ჩანს დავით აღმაშენებლის გამაერთიანებელ პოლიტიკას თავად კახეთ-ჰერეთშივე ჰყავდა მრავალი მოწინააღმდეგე. მეფემ მომხვდურთ კარგად გაწვრთნილი „მცირედი ლაშქარი“ და „წვრილი ერი“ შეაგება.

დავითის უცნობი ისტორიკოსის ცნობით ბრძოლა ერწუხში გაიმართა. ქართველებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს, რომელსაც მემატიანე „ხმა-განსმენილი იგი დიდი ბრძოლა“-ის სახელით ნათლავს. დავით აღმაშენებელი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ბრძოლაში – „ხოლო თვით მეფე არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ვითარცა სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასი თვით წინე უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მათლითა და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა“.

გმირმა მეფემ არაერთი მუსლიმი გამოასალმა სიცოცხლეს ისე რომ ლიპორიდან „უკმომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს“. ბრძოლის სემდეგ, როდესაც დავითმა სარტყელი შეიხსნა სისხლი ტქრიალით დაესხა მიწაზე – „რა დაინახა ესოდენი მტკნარისი სისხლისი შეყინებულისი, რომელსა პირველ განხილვისა თვით მისგან ვგონებით გამოსრულად“. ერწუხის ომში დავით აღმაშენებელს „სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი“. ერწუხთან მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთნ პირისპირ სამხედრო შეჯახებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას.