წმინდა შუშანიკი

წმინდა შუშანიკ წამებული

შუშანიკი (სომხ. Շուշանիկ, დ. დაახლ. 440 — გ. 475), ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლე (V საუკუნის II ნახევარი), სომეხთა ქართველი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული.

როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა და გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელს ქართლში. შუშანიკი გარდაიცვალა ციხეში ტანჯვის მეშვიდე წელს. შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულებამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო. ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შუშანიკის ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა (ხუცესმა).

ქართულმა მართლმადიდებლურმა, სომხურ-გრიგორიანულმა და რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს და ხსენების დღე 17 ოქტომბერი (ქართული და სომხური ეკლესია) და 10 სექტემბერი (რუსული ეკლესია) დააწესეს.